English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ სოფიკო ჯვარშეიშვილი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეგიონული თავისებურებანი

წინამდებარე სტატიაში განხილულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) ტენდენციები საქართველოში, მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე;სტატისტიკური მონაცემების ანალიზის   საფუძველზე აღწერილია საქართველოში პუი-ს დინამიკა წლებისა და ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ასევე წარმოდგენილია საქართველოს ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები და გაანალიზებულია პუი-ს შემოდინების გეოგრაფია.

საკვანძო სიტყვები: პირდაპირი უცხოური ინვესტიცია; ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი; ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები; რეინვესტიცია; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების გეოგრაფია.

ეკონომიკური საფუძვლები, ზოგადად, ინვესტირების ძირითად განმსაზღვრელებად განიხილება. აქ შედის ბაზრის სიდიდე და ბაზრის ზრდა (მოთხოვნა - მიწოდების კუთხით), ასევე კვალიფიციური ადამიანური რესურსებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა. როგორც ცნობილია, ქვეყანაში ინვესტიციებს იზიდავს სტრატეგიული  ბუნებრივი რესურსების, ასევე, გამოცდილი და იაფი მუშახელის არსებობა. აღსანიშნავია ასევე, რომ ძალზე მნიშვნელოვანია  მთავრობის პოლიტიკაც, რომელიც უცხოელ მეწარმეს  მიმღებ ქვეყანაში ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს, რაც, თავის მხრივ, იწვევს პუი-ს ზრდას.

კარგი საინვესტიციო გარემო ქვეყნის მიერ ეკონომიკური ზრდის წახალისების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს, რაც ასევე ხელს უწყობს   ღარიბი ფენის საზოგადოებას დასაქმდეს და გაიზარდოს შემოსავალი.

ბუნებრივია ის ფაქტი, რომ უცხოელ ინვესტორებს ურჩევნიათ დააბანდონ თავისი ფინანსური კაპიტალი სტაბილურ ეკონომიკაში, სადაც არაპროგნოზირებადობის დონე შედარებით დაბალია.

პუი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მონაცემია, რომელიც ახასიათებს ქვეყნების და რეგიონების განვითარებას.

საქართველოსათვის პუის მოზიდვა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას უსვამს ხაზს  და ასევე ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს საინვესტიციო კლიმატი

საქართველო, ევროპისა და ცენტრალური აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობის გამო ცნობილია, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური რეგიონის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. საქართველო  უმოკლესი სატრანსპორტო გზით, ასევე ნავთობისა და გაზის მილსადენებით  აკავშირებს დასავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონებს. სხვა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში არის განათლებული და შედარებით იაფი მუშახელი, შესაბამისად, შესაძლოა ქვეყანა იყოს კონკურენტუნარიანი მაღალი ღირებულების პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების კუთხით. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ფიზიკური კაპიტალის ბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი ამორტიზებულია, მაინც არსებობს აღჭურვილობა და შენობა-ნაგებობები, რაც შეიძლება კარგად იქნეს გამოყენებული როგორც საწარმოო, ასევე საექსპორტო საქმიანობაში. საქართველოში ასევე წარმოდგენილია მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და შენობა-ნაგებობები და ქვეყანა მდებარეობს მნიშვნელოვან რეგიონულ და მაღალი შემოსავლების მქონე ევროპული ბაზრების მახლობლად.

ძალზე საინტერესოა, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, 2016 წელს ბიზნესის კეთების რეიტინგის მიხედვით, საქართველოს 23-ე ადგილი ეკავა 189 ქვეყანას შორის, 2017 წლის მონაცემებით - 190 ქვეყანას შორის საქართველო აღნიშნული მონაცემების მიხედვით დაწინაურდა და მე 16 ადგილი დაიკავა, ხოლო 2018 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის რეიტინგთან შედარებით, გაუმჯობესდა და საქართველომ  მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, ანუ შეიძლება აღვნიშნოთ , რომ საქართველო ტოპ ათეულშია მოხვედრილი, რაც თავის მხრივ, ქვეყნის მზარდ ეკონომიკურ შედეგებზე მეტყველებს (იხ. დიაგრამა 1).

საქართველოს პოზიცია ბიზნესის კეთების კუთხით მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით 2012 – 2018 წლებში [1]

დიაგრამა

 

ქვეყნის მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში უმჯობესდებოდა, კერძოდ კი: საქართველომ მაღალი ქულა მიიღო Heritage Foundation-ის ანგარიშში ეკონომიკური თავისუფლების შესახებ [3]. ეკონომიკის თავისუფლების 2018 წლის ინდექსით შეფასებული იქნა 180 ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლება 12 კონკრეტული ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის: საკუთრების უფლებები, სასამართლოს ეფექტურობა,  მთავრობის სამართლიანობა, კორუფციისგან თავისუფლება, გადასახადების ტვირთი, მთავრობის დანახარჯები, ფისკალური სიჯანსაღე, მიზნების თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება, საინვესტიციო გარემოს  თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება. საქართველოს ეკონომიკა 76,2 %-ით, ანუ საშუალოზე მაღალი თავისუფლებისაა (2007 წლის მაჩვენებელი 68.7% იყო), რითაც საქართველო მსოფლიოში ეკონომიკის თავისუფლების კუთხით მე 16-ე ადგილზეა და აღსანიშნავია ასევე, რომ ლუქსემბურგს მე-14 ადგილი უკავია და შვედეთს კი მე-15 ადგილი  (იხ. დიაგრამა 2). 

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი Heritage Foundation-ის მიხედვითსაქართველოს რეიტინგი სხვა ქვეყნებთან შედარებით [2]

დიაგრამა 2

 

ანგარიშის თანახმად,  ევროპასთან შედარებით საქართველოს მაღალი ქულები აქვს ბიზნესისა და ფისკალური თავისუფლების,  მთავრობისაგან თავისუფლების, საინვესტიციო, ვაჭრობის თავისუფლებისა და შრომის თავისუფლებების კუთხით (იხ. დიაგრამა 3).

საქართველოსა და ევროპის ქულები კომპონენტების მიხედვით [2]

დიაგრამა 3

საქართველოს ეკონომიკა უცხოელ ინვესტორებს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს სთავაზობს. საქართველოს პუი-ს მოზიდვის კონკურენტული უპირატესობების თვალსაზრისით გააჩნია მრავალფეროვანი სასოფლო, მინერალური, ჰიდროელექტრო და ტურიზმის რესურსი; ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქტიურად უწევს მხარდაჭერას საქართველოს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქვეყანას გააჩნია სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა (კასპიის ნავთობისა და გაზის გადაკვეთის წერტილი), ასევე ჩამოყალიბებულია დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა და საქმიანი მეგობრული გარემო რაც, თავის მხრივ, მოიცავს დაბალ კორპორაციულ გადასახადებს და გამარტივებული რეგისტრაციის პროცედურებს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

საქართველოში 2007 წელს  პუი-ს პიკი აღინიშნებოდა, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო მასშტაბური პრივატიზაციით. 2008 წელს რუსეთთან ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, პუი-მ მნიშვნელოვნად დაიკლო და 2009 წელს მთლიანი პუი-ს ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა- 664 მლნ დოლარი. 2010 წლიდან, ინვესტიციებმა  აჩვენა ტენდენცია ზრდისკენ და 2014 წელს პუი-ს მოცულობა ისევ გაიზარდა და  1.818 მლრდ დოლარი შეადგინა [4], (იხ. დიაგრამა 4). 2014 წელს განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია: პირველ ადგილზე ნიდერლანდები, მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად, აზერბაიჯანი და ჩინეთი. ამ სამი უმსხვილესი ქვეყნის წილმა მთლიან პუი-ში 62 % შეადგინა (იხ.ცხრილი 1),  ხოლო ყველაზე დიდი პიკი ათი წლის მანძილზე იყო 2017 წელს,  პუი-ს მოცულობა  წინა წელთან შედარებით გაიზარდა 20 %-ით და შეადგინა 1,894 მლრდ დოლარი (იხ.დიაგრამა 4). ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, საიდანაც საქართველოში  465 მლნ ინვესტიცია ჩაიდო, წინა წელთან შედარებით ეს მონაცემი შემცირდა დაახლოებით 18 %-ით. მეორე ადგილზეა ნიდერლანდები - 356,7 მლნ დოლარი, ზრდამ წინა წელთან შედარებით შეადგინა      393%,  და მესამე ადგილზე აღმოჩნდა თურქეთი - 286,3 მლნ დოლარი, ზრდამ შეადგინა 36%.

სამი უმსხვილესი ინვესტორის ქვეყნის წილმა, პუი-ს  მთლიან მოცულობაში, 2017 წელს დაახლოებით 59 % შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საგრძნობლად გაიზარდა პუი არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, წინა წელთან შედარებით ზრდამ შეადგინა დაახლოებით 84%, ჩინეთმა წინა წელთან შედარებით გაზარდა ინვესტიციები  საქართველოში 58 %-ით (იხ.ცხრილი 1) [5].

ძირითადი პირდაპირი ინვესტორი  ქვეყნები საქართველოში

 2017 წლის მიხედვით (მლნ აშშ დოლარი) [5]                                                               

 ცხრილი 1

 

2013

2014

2015

2016

2017

სულ

1020.5

1817.7

1665.6

1565.8

1888.8

მათ შორის:

 

 

 

 

 

აზერბაიჯანი

84.6

340.5

581.6

558.5

465.0

ნიდერლანდები

158.2

376.8

158.5

72.3

356.7

თურქეთი

51.4

73.9

74.6

209.8

286.3

გაერთიანებული სამეფო

55.2

108.9

398.8

103.0

248.9

ჩეხეთი

43.6

52.0

16.7

87.0

142.5

აშშ

44.8

184.7

20.7

58.4

79.7

ლუქსემბურგი

91.7

109.6

106.0

88.8

68.3

არაბეთის გაერთიანებული ემირატები

63.7

4.4

8.2

-6.8

57.8

პანამა

25.8

70.7

9.5

75.9

52.8

ჩინეთი

101.1

220.1

66.9

25.5

40.3

დანარჩენი ქვეყნები

300.4

276.2

224.0

293.6

90.4

 პუი-ს წილი ნომინალურ მშპ-ში  2007 წელს საკმაოდ მაღალი იყო - 17,21%  მიაღწია (იხ. დიაგრამა 4). ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება 2009-2013 წლებში, როდესაც პუი-ს წილი მშპ-ში დაეცა საშუალოდ 6,3% მდე. 2014 წლიდან  დაიწყო  ზრდის ტენდენცია და  2015 წელს მიაღწია  11.9%-ს, ხოლო 2017 წელს  აჩვენა 12,5 %. (იხ. დიაგრამა 4)[4].

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლების მიხედვით(მლნ აშშ დოლარი)[4]

დიაგრამა 4

 „საქსტატის“ მონაცემებით, რეინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 658,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ინვესტიციების 34,9%-ია. საქართველოში რეინვესტიციის ასეთი მაღალი წილი მანამდე არ დაფიქსირებულა  (იხ. დიაგრამა 5) [5].

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და რეინვესტიცია საქართველოში 2013-2017 წლებში (მლნ აშშ დოლარი)[5]

დიაგრამა 5

 

პუი-ს დინამიკა წლების მიხედვით საკმაოდ კარგ წარმოდგენას გვაძლევს იმაზე, თუ რა ურთიერთკავშირი არსებობს ქვეყნის პოლიტიკურ  ცხოვრებას, რეფორმებს, სტაბილურობას და ინვესტიციების მასშტაბს შორის.

საინტერესოა ასევე ისიც,  საქართველოს  ეკონომიკის რომელი სექტორი  იზიდავს ყველაზე მეტად პუი-ებს. 2013-2017 წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ყველაზე მსხვილი პუი ხორციელდება  ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის  სექტორში, ასევე - მშენებლობის, ენერგეტიკის და საფინანსო სექტორებში (იხ. ცხრილი 2) [5].

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2013-2017 წლებში მლნ აშშ დოლარი [5]

ცხრილი 2

 

2013

2014

2015

2016

2017

სულ

1020.5

1817.7

1665.6

1565.8

1888.8

მათ შორის:

 

 

 

 

 

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

141.9

433.7

587.5

635.8

489.2

საფინანსო სექტორი

174.4

126.6

202.0

141.1

302.6

მშენებლობა

79.5

324.6

143.6

168.7

284.8

ენერგეტიკა

244.7

190.0

123.7

145.0

224.1

უძრავი ქონება

62.3

149.6

91.4

49.6

178.6

დამამუშავებელი მრეწველობა

107.3

211.6

98.4

125.6

98.6

სასტუმროები და რესტორნები

-7.1

132.8

141.4

56.1

67.8

სამთო მოპოვებითი მრეწველობა

43.7

45.3

88.0

49.7

51.8

სოფლის მეურნეობა, თევზჭერა

13.0

12.3

18.6

8.4

12.4

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება

0.7

-8.8

140.3

29.5

7.2

დანარჩენი სექტორები

160.0

200.0

30.8

156.3

171.7

 2017 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პუი-თ)  57% შეადგინა. ყველაზე მეტი პუი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა - 489.2 მლნ აშშ დოლარი, რაც ინვესტიციების საერთო მოცულობის 25.9%-ია, მეორე ადგილზეა  საფინანსო სექტორი - 302.6 მლნ აშშ დოლარით, მესამეზე - მშენებლობა 284.8 მლნ აშშ დოლარით,  ხოლო დამამუშავებელ მრეწველობაში და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების სექტორში პუი-ს რაოდენობა,  წინა წელთან შედარებით, შემცირდა და შეადგინა შესაბამისად 98,6 მლნ აშშ დოლარი და 7.2 აშშ დოლარი (იხ. ცხრილი 2).

დარგობრივი ჭრილით განხილული ინვესტიციები მიუთითებს იმ სფეროების შესახებ, რომელიც დღეს ქვეყანაში განვითარებადია.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ პუი-ს ძირითადი მოცულობა  კონცენტრირებულია სატრანსპორტო სექტორში, რაც თავის მხრივ, მოიცავს საზღვაო, სარკინიგზო, საგზაო-საავტომობილო და საჰაერო სისტემებს, რომლებსაც შესაბამისი დატვირთვა გააჩნიათ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის წარმოჩენაში. საქართველოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის გაძლიერებისთვის გეოეკონომიკურად სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როცა ორი მსხვილი რეგიონული ნავთობსადენის - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო–სუფსის, და ასევე - სამხრეთ კავკასიური გაზსადენის ბაქო–თბილისი–ერზრუმის (შაჰ-დენიზი) პროექტების განხორციელება გადაწყდა, რისთვისაც საქართველოში შესაბამისად დიდი მოცულობის პუი ჩაიდო. სამივე ობიექტი მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, არამედ რეგიონული ინტეგრაციის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ  განვითარებასთან.

საქართველოს სატრანზიტო დერეფანი ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. რადგანაც სატრანსპორტო სეგმენტი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია, ამიტომაც პუის დიდი ნაწილი წლების განმავლობაში ბანდდებოდა სატრანსპორტო სექტორში. პუი რეგიონული ჭრილით შემდეგნაირადაა წარმოდგენილი (იხ. ცხრილი 3).

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2013-2017 წლებში რეგიონების    მიხედვით [5]

ცხრილი 3

 

2013

2014

2015

2016

2017

სულ

1020.5

1817.7

1665.6

1565.8

1888.8

მათ შორის:

 

 

 

 

 

ქ. თბილისი

742.22

1366796.0

1328324.7

1335897.4

1475683.3

აჭარა

83.14

169240.7

206539.8

99601.3

189769.6

კახეთი

11.03

15796.3

16118.6

3903.8

6179.7

სამცხე-ჯავახეთი

51.73

74258.9

31536.1

30807.2

39002.7

ქვემო ქართლი

16.31

55650.8

21159.8

28990.7

64359.0

სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია

57.23

93648.2

51209.5

35050.1

50558.5

იმერეთი, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

59.12

27951.1

25701.8

28052.2

60488.7

შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი

-241.4

14347.8

-15032.7

3535.0

8449.8

საქართველოს რეგიონებში 2017 წელს პუი, 2016 წელთან შედარებით, გაიზარდა        (იხ. ცხრილი 3). პუი-ს მნიშვნელოვანი წილი ბოლო 5 წლის მანძილზე  ქალაქ თბილისსა და აჭარაზე მოდის. 2017 წელს მთლიან ინვესტიციებში თბილისის წილი მაინც მაღალია და დაახლოებით  78,2%-ს შეადგენს. ასევე მნიშვნელოვნად გაზრდილია საინვესტიციო მოცულობები: სამცხე-ჯავახეთში,  ქვემო ქართლში, სამეგრელო, ზემო სვანეთსა და გურიაში და ასევე იმერეთსა, რაჭა ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში. ინვესტიციების სიმცირით ხასიათდება: შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონები. როგორც ცხრილიდან ჩანს, თბილისის და აჭარის გარდა რეგიონებში შედარებით ნაკლებია პუი-ს მოცულობა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ რეგიონებში ეკონომიკური ზრდა და განვითარება დაბალია, თუმცა, წინა წელთან შედარებით, სხვა რეგიონებშიც იზრდება უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იზრდება. რეგიონებში, პატარა ქალაქებსა და მითუმეტეს სოფლებში პუი-ს შედინება ძალიან უმნიშვნელოა. ლიდერი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტ ინვესტიციას იზიდავს, ისევ თბილისია. შესაბამისად, რეგიონებში ეკონომიკური ზრდა და განვითარება დაბალია.

როგორც ცნობილია, საქართველო აქტიურად არის ჩართული ურბანიზაციის პროცესში, მოსახლეობა იძულებული ხდება დატოვოს თავის საცხოვრებელი სოფლები თუ რაიონები და დედაქალაქში თუ არა , ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში გადმოსახლდეს. ეს ხდება იმიტომ, რომ რაიონებში სამუშაო ადგილების და განათლების ნაკლებობაა, ოჯახების რეალური შემოსავალი დაბალია, და ხდება იძულებითი შიდა შრომითი მიგრაცია, რაც, თავის მხრივ, რეგიონული ჭრილით,     პუი-ს მოცულობაზეც აისახება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა მიაქციოს ყურადღება ამ პრობლემას და შეეცადოს, რომ შეინარჩუნოს სოფლის მოსახლეობა და ხელი შეუწყოს რეგიონების ეკონომიკურ ზრდა-განვითარებას, და ასევე, დააინტერესოს უცხოელი ინვესტორი,  რომ მან  თავისი კაპიტალი დააბანდოს არა მარტო თბილისსა და აჭარაში, არამედ  საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

დასკვნა

პუი-ს შესწავლა დღესდღეობით  აქტუალური საკითხია არა მარტო საქართველოში არამედ გლობალურ მასშტაბით.  პუი ნიშნავს ახალი საწარმოების დაარსებას, სხვა ქვეყნის მიერ არსებულ საწარმოების შესყიდვას და  ერთობლივი საწარმოების შექმნას. რადგანაც პუი გრძელვადიანი ინვესტიციაა, ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს მიმღებ ქვეყანაში პროდუქციის წარმოების, მოხმარებისა და კეთილდღეობის ამაღლებას.  მეცნიერთა აზრით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხელს უწყობს ყველა გარდამავალი ქვეყნის ეკონომიკურ და რეგიონალურ განვითარებას.

ლიტერატურა:

  1. http://www.worldbank.org
  2. http://www.economy.ge
  3. http://www.heritage.org
  4. http://www.mof.ge
  5. http://www.geostat.ge